რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 45-ე საზოგადოებრივი ცენტრი 5 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კოხნარის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემო და ზემო ხეთის, ნაკადულის, ჩომეთის და სხვა სოფლების 5 000-მდე მოსახლე ისარგებლებს.
ღონისძიებას ესწრებოდა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი მელფორდ ნიკოლასი, რომელმაც კოხნარის მოსახლეობას და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა:
„მსურს, მივულოცო ყველას, ვინც არ იშურებს ძალისხმევას პროექტის განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომელიც ამ რეგიონში ცხოვრობს, განსაკუთრებით, სტუდენტები და ახალგაზრდები, მოხარული იქნება, ისარგებლოს საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით“, - განაცხადა მან.
მელფორდ ნიკოლასმა საქართველოში მისი ვიზიტის მიზანზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და წვდომა ინტერნეტზე გამოწვევაა ანტიგუა და ბარბუდასათვის და საქართველოს მიღწევები ამ კუთხით მისთვის ძალიან საინტერესოა:
„საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია, ვისწავლოთ ის, რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ. ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, გავეცნო თქვენს სერვისებს. გუშინ ვესტუმრე თბილისის იუსტიციის სახლს და ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ ემსახურება სახელმწიფო ხალხს, დღეს კი ვნახე, როგორ აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამ პროგრამის დისტრიბუციას. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ დავაკვირდეთ და გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება,“ - განაცხადა მან.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.
საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის ყველა სერვისის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ შორის, პენსიის მიღება) სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.
კოხნარის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 44 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთსა და წალკაში ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-ზე მეტი სერვისი გაიცა.