ხანდოს ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 6 ადამიანი. მოსახლეობა ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს.
ამ დროისთთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ხოლო სამართალდამცავები ცდილობენ აღადგინონ მოძრაობა.
მოსახლეობის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მსგავსი კონსტრუქციის აშენებას, რადგან იგი სახიფათოა მათთვის და ადგილობრივი ეკოლოგიისთვისაც.
მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
“ჩვენ ისედაც ვაჩერებთ ერთი კვირით სამუშაოებს, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შესრულებული, თუ როგორ მოხდება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება კომპანია მიერ მშენებლობის პროცესში. არავის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ასეთი ხაზები ჩვენ საქართველოში გვაქვს 1300 კმ. სიგრძის ყველა რეგიონში," - განაცხადა ილია ელოშვილმა.