საქართველომ ექვსი წლის განმავლობაში პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტზე, რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნების ყოველგვარი დახმარება აიკრძალა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ქართული დოპლომატიის გამარჯვება და აშშ-ში საქართველოს ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგი.
„ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. ასეთი კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ ის რეალობა, რაც არის, მაგრამ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ და არ გატყდება ჩვენი სული. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
თანხები გამოიყოფა ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.