კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის მუხლი აღარ იქნება, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს - პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დანაპირები, რომელიც მმართველმა გუნდმა ქუთაისელებს მისცა, ტრანსფორმირდა.
"საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის მუხლი აღარ იქნება, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს - პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება, - გადაწყვეტილება ცალსახაა და საუბარი იმის შესახებ, რომ დანაპირები, რომელიც მმართველმა გუნდმა ქუთაისელებს მისცა, ტრანსფორმირდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. ჩვენი პოზიციის გაზიარება არ მოხდა", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული და პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდეს.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიაა, პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციაში ჩაიწეროს როგორც ქუთაისი, ასევე თბილისი. მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ადგილმდებარეობის თაობაზე კონსტიტუციიდან არსებული ჩანაწერი უნდა ამოვიდეს და ეს საკითხი რეგლამენტით დარეგულირდეს.