შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, ისანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უწყებამ ცხელ კვალზე გახსნა.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.