2011 წელს ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები გია გორელაშვილი, დავით ლონდარიძე და სერგეი ჩაპლიგინი თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლის შესახებ.
პროკურატურა განაჩენის შეცვლას ახლადგამოვლენილი გარემოებების კერძოდ, სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე ითხოვდა. გია გორელაშვილის განცხადებით, გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად მათ საქმეში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის. გორელაშვილი სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების, მოსამართლეების და პროკურორების დასჯასაც ითხოვს, რომლებიც მის საქმეში მონაწილეობდნენ.
“ძალიან კარგია, რომ სამართალმა 5 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იზეიმა. დადგინდა რომ უდანაშაულოდ დაგვაკავეს 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით და საქმე გააყალბეს. ჩვენებები წამების შედეგად გამოგვძალეს და ამ უკანონობაში მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ“,-განაცხადა გორელაშვილმა 2030-თან საუბარში.
სერგო თეთრაძესთან ერთად დაკავებულების საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას ბრალი წამებაში და წამების ორგანიზებაში ედება. ამ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია მეგის ქარდავას ასევე სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის სხვა ყოფილი თანამშრომლების მიმართ. სერგო თეთრაძის მიმართ კი სს საქმე პროკურატურაში ორი თვის წინ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.