პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პროცესი 2 საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ჯამალაშვილი და ფხალაძე ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეზე. ჯამალაშვილი და ფხალაძე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელებას ეხება.
,,საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს ჩაინიშნა.