საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. მათ 150 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Actifed აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.კ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებას.
მსგავსი ფაქტი გამოვლინდა 31 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. საქართველოს მოქალაქე გ.მ.-ისა და მისი ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „პირალგინი“ (40 აბი) აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას.