თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მოსამართლეთა ტესტირების მასალების წინასწარ გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მას სასამართლოს კეთილისმსურველებმა მიაწოდეს.
,,ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია - გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო სკანდალური დოკუმენტაცია, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არსებულ დარღვევებს ასახავს. მამუკა ახლვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ერთერთმა კონკურსანტმა წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, ტესტის წარმოდგენილ ასლში, ავტორისა და გამოცდის ჩამბარებელი პირის პასუხები იდენტურია.