საერთაშორისო სარკინიგზო პროექტის, “კომბინირებული მატარებელი „ვიკინგი“-ს“ (VIKING Train”)მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო თათბირი თბილისში, 11-12 ნოემბერს სასტუმრო „მერკურში“ მიმდინარეობს.
„საქართველოს რკინიგზა” “VIKING Train”-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვინიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.
კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი “VIKING Train”-ი წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. კომბინირებული სატრანსპორტო მატარებლის „ვიკინგის“ რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ბალტიის ზღვა - შავი ზღვის“ მიმართულებით საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდვების სამართლებრივი და ორგანიზაციური სტრუქტურის, საკონტეინერო და საკონტრეილერო მატარებლების მარშრუტების და ტექნოლოგიების გაუჯობესებაზე.
პროექტში „საქართველოს რკინიგზის“ მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.
„საქართველო გახდება „ვიკინგის“ და „ტრასეკას“ სატრანზიტო კორიდორის შემაერთებელი კვანძი“, -აღნიშნულია პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს იმედი აქვს, რომ პროექტის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდგომ საქართველოზე 2-ჯერ მეტი ტვირთი გაივლის.
„საქართველო „ვიკინგის“ ინიციასტივას მიმდინარე წელს შეუერთდა. პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიის პირეთის ქვეყნები დაუკავშირდნენ შავი ზღვის აუზს. აღნიშნულ პროექტში უკვე გაწევრიანებულია 8 ქვეყანა. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან პროექტს აზერბაიჯანიც შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა დავაკავშიროთ შუა აზიის ქვეყნები ჩრდილოეთ ევროპას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. პროექტი თავისი შინარსიით სტრატეგიულია თითოეული მონაწილე ქვეყნისათვის. გადაზიდვის ბუნება გახლავთ მულტიმოდალური ხასიათის, რომელიც შედარებით ართულებს სატრანსპორტო ოპერაციების დაგეგმვას, თუმცა მეორე მხრივ იქედან გამომდინარე, რომ მანძილი კლასიკურ საზღვაო მარშრუტთან შედარებით 2-ჯერ მცირეა, კლიენტების მხრიდან არსებობს ხელშესახები ინტერესი და მომავალი წლების განმავლობაში ტვირთბრუნვა გაორმაგდება“, აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მისივე ინფორმაციით, ტვირთბრუნვა, რომელიც არსებობს ჩდრილოეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის მიმართულებით, ბალტიის პირეთს აუზისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის, ამ ტვირთბრუნვის 15 %-ი „ვიკინგის“ ფარგლებში საქართველოზე გაივლის.
„ამ ეტაპზე შუა აზიის ქვეყნები მიერთებულნი არ არიან, ამიტომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველი მატარებლის მიღებას მომავალი წლიდან ვგეგმავთ“, აცხადებს მამუკა ბახტაძე.
„მინდა ავღნიშნო, რომ საქართველო პროექტს ცოტა ხნის უკან შეუერთდა, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის ყველა მონაწილისათვის. ჩვენ იმედი გვაქვს და ეს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაცაა, რომ „ვიკინგს“ აზერბაიჯანიც შემოუერთდეს. პროექტს რაც უფრო მეტი მონაწილე ეყოლება ტვირთების მოცულობაც უფრო მეტი იქნება. მეორეს მხრივ ეს არის პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე“, აღნიშნა ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ საულიუს გირდაუსკასმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სატრანსპორტო კომისიის მიერ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი „ვიკინგი“ დასახელებულია, როგორც საუკეთესო ევროპული სატვირთო გადაზიდვების სექტორში.