პარლამენტში საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესზე მსჯელობენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, რეგლამენტში დამატება იქნება შეტანილი იმის თაობაზე, თუ როგორი წესით ირჩევს საკანონმდებლო ორგანო საპროკურორო საბჭოს წევრებს.
ამ წუთებში, პლენარულ სხდომაზე, ხმალაძე „პროკურატურის შესახებ“ კანონსა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებს აცნობს.
მისი განცხადებით, პარლამენტი საპროკურორო საბჭოს ოთხ წევრს აირჩევს, რომელთაგან ორი წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნება წარდგენილი, რომლებიც სასამართლოში წარმომადგენლობას ახორციელებენ.
მისი ცნობით, საპროკურორი საბჭოში ორ წევრად - ორი დეპუტატი იქნება წარდგენილი, რომელთაგან ერთი უმრავლესობის წევრი იქნება, ხოლო მეორე საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატი.
„რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, მისი შეირჩევა პარლამენტს გარეთ მოხდება. კერძოდ, ერთთვიანი კონსულტაციების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს სულ მცირე სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, საიდანაც ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ამის შემდეგ, საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით ერთი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს, რომელიც მთავრობას წარედგინება და თუკი მთავრობამ თანხმობა განაცხადა, ეს კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. მთავარ პროკურორს კი, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს“, - განაცხადა ხმალაძემ.
პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, რომელიც საგამოძიებო ორგანოში რეფორმის გატარებას ითვალისწინებს.