საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში რუსეთში ვიხილეთ - განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.
“რუსული ტიპის რეჟიმის ფორმირებას თავისი მწყობრი ლოგიკა აქვს და ის იმპერიული სპეცსამსახურების მიერ თავის დროზე შემუშავებული შესაბამისი ალგორითმით ხელმძღვანელობს.
საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში რუსეთში ვიხილეთ.
განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ის ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული. ამასთანავე, პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც ჩანს, კრემლი ჩქარობს, რათა არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარების და შიდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი შეუქცევადი გახადოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მთვარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ - გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.