ევროკავშირი კანადასა და დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებს გეგმავს, რათა მათ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამის მიზანია 2027 წელს უკრაინის დაფინანსებაში მოსალოდნელი 70 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტის შევსება.
ინფორმაციას გამოცემა Politico ევროკავშირის, ევროკომისიის ხუთ წარმომადგენელსა და დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებებისთვის მთავარი პლატფორმები იქნება 29-30 ოქტომბერს დაგეგმილი ევროკავშირისა და კანადის სამიტი და 20 ნოემბერს გასამართი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამიტი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ამ შეხვედრებისთვის მზადებასა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს 22 ოქტომბერს განიხილავენ.
მანამდე ევროკავშირმა უკრაინას 2026–2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო, რაც უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს დაფარავს. ბრიუსელი მოელოდა, რომ სხვა პარტნიორები, მათ შორის კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ნორვეგია, დამატებით 45 მილიარდ ევროს გამოყოფდნენ.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ეს თანხები ნელა გამოიყოფა, ხოლო რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების გამო უკრაინის სავარაუდო ხარჯები იზრდება.
ევროპელი ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლონდონისა და ოტავასთვის დახმარების გაზრდისკენ მოწოდება მათი მხარდაჭერის კრიტიკას არ გულისხმობს - ორივე ქვეყანა უკრაინას თანმიმდევრულად ეხმარება. მიზეზი მხოლოდ კიევის მზარდი ფინანსური საჭიროებებია.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის დაფინანსების საკითხი პარტნიორ ქვეყნებთან ყოველი შეხვედრის მთავარ თემად იქცა.
ამ დროისთვის დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მხარდასაჭერად 25 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო. ოტავამ კი კიევისთვის ყოვლისმომცველი დახმარების სახით უკვე თითქმის 26 მილიარდი კანადური დოლარი გამოყო.
ამასთან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ჯამში 231 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწიეს. ეს თანხა მოიცავს სამხედრო დახმარებას, საბიუჯეტო მხარდაჭერას, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინელების დახმარებასა და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებს.