პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებამ კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების საჭიროება გააჩინოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კახიანმა აღნიშნა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
,,მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება სამოტივაციო ნაწილთან ერთად პარლამენტს გადმოეგზავნება, ჩვენთვის უკვე ცნობილი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება საჭიროა თუ არა. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებები, რომლითაც გარკვეული ნორმა ძალადაკარგულად ცხადდება და სხვა დამატებითი ცვლილებების განხორციელებას აღარ საჭიროებს, თუმცა არსებობს გადაწვეტილებები, რომელიც დამატებით ცვლილებებს მოითხოვს. ამიტომ, მას შემდეგ, რაც კარგად წავიკითხავთ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწვეტილებას და გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს, თუ საჭირო გახდება კანონში დამატებითი ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, _აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ პარალელურად რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისთვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ 9 თვეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Šebalj v. Croatia, განცხადების ნომერი - 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი), რომლითაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ბრალდებულისთვის კანონით განსაზღვრული პატიმრობის ვადის გაგრძელება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას. იგი ასევე მიუთითებდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის მიმათ პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ადგენდა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ჰიპოტეტური და არა რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პატიმრობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდების საფუძვლიანობაში და ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არასებობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა N646 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“ და 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; საქმის განხილვისას აღნიშნულმა სადავო ნორმამ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ძალა დაკარგა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.