უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი კატართან და მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს. ეს შეთანხმებები არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას საზღვარგარეთ კონფლიქტებში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან, კატართან დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მომავალი შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას ამ ქვეყნების დაცვაში.
„დღეს ასეთ დეტალებს არ განვიხილავთ. ექსპერტიზის, სწავლების, თანაწარმოების, წარმოებისა და ინვესტიციების გარდა. ყველა ეს მიმართულება იქნება ამოქმედებული.
რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს მათ მონაწილეობას სხვა ომში არ განვიხილავთ. ჩვენ საკუთარი ომიც გვყოფნის“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისა და კატარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თანაწარმოებას, კატარსა და უკრაინაში ქარხნების მშენებლობას, ასევე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას.
„ანუ, ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ჩავერთვებით ერთობლივ წარმოებაში და ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კატართან შეთანხმება მსგავსია საუდის არაბეთთან ადრე ხელმოწერილი შეთანხმებისა. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს.