ოთარ სეფაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, თუმცა მოსამართლემ დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროცესის შემდეგ ოთარ სეფაშვილმა ჟურნალისტებთან სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თავად ისაუბრა, რაშიც მან რამდენიმე პოლიციელთან ერთად ყვარლის პოლიციის უფროსი გიორგი ფარეშიშვილიც დაადანაშაულა. ამის გამო სეფაშვილი ფარეშიშვილის წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციას მიმართავს.
სასამართლო პროცესზე ყვარლის პოლიციამ სეფაშვილის მიერ ოპიუმის მოხმარების დამადასტურებელი დასკვნა ვერ წარადგინა, რადგან გაირკვა, რომ ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი სამ დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
ადვოკატი კვლავ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და მოსამართლის დადგენილების გასაჩივრებას დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების შემდეგ გეგმავს.
ოთარ სეფაშვილი პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის ყვარელში 4 ივლისს დააკავა.