ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2015-2020 წწ. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგის“ ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
დახურულ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის წევრებს კონცეფციის მომზადების პროცესი და მასში ასახული მნიშვნელოვანი მიმართულებები გააცნო.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დოკუმენტზე მუშაობა დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევით, ჯერ კიდევ 2014 წლამდე დაიწყო.
ციხელაშვილის განცხადებით, ექსპერტების მიერ მომზადებული დოკუმენტი უწყებათაშორის კომისიას წარედგინა, რომლის შემდეგაც გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება მოხდა.
„განხილვების პროცესში გამოიკვეთა ის პრობლემები და მიღწევები, რომლებიც ახალ კონცეფციაში აისახა. ამასთანავე, დოკუმენტი რუსულ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა და სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფებთან მისი განხილვები მოეწყო. დღეის მონაცემებით კონცეფციაზე მუშაობა კვლავაც გრძელდება და იგი განხილვის პროცესშია. პარლამენტში გამართული აღნიშნული შეხვედრაც მიზნად ისახავს დეპუტატების მიერ გამოთქმული წინადადებების და რეკომენდაციების გაცნობას და მათ დოკუმენტში ასახვას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე და იმ განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც ახალ დოკუმენტში ჩაიწერება.
მისი განცხადებით, კონცეფციიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სრულფასოვანი შესწავლას დაეთმობა. ამასთან ერთად, ახალი სტრატეგია მხოლოდ მსხვილ ეთნიკურ ჯგუფებზე არ იქნება ორიენტირებული და მასში მრავალი პროექტი მცირე ზომის ეთნიკურ ჯგუფებზეც იქნება გათვლილი. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის, საჯარო სამსახურებში დასაქმების და თანაბარი სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის საკითხების უზრუნველყოფას დაეთმობა. ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, კონცეფციაში ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს გენდერული მიმართულებები, ეროვნული უმცირესობების ქალთა უფლებების დაცვა და მათი აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა წარმოადგენს, ასევე ცალკე ყურადღება გამახვილდება უმცირესობების კულტურულ წახალისებასა და მათ უნარ-ჩვევების შენახვა-შენარჩუნებაზე.
კონცეფციის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, გაერთიანებულ სხდომაზე, დისკუსია გაიმართა.
პარლამენტის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს დადებითი შეფასება მისცეს და მასში ასახულ მიდგომებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია“ და 2015-2020წწ. სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე შეხვედრები და პრეზენტაციები კვლავაც გაგრძელდება.