„ჰამასმა“ განაცხადა, რომ კვირას ისრაელს სამი მძევლის ცხედარს გადასცემს.
ისრაელი ღაზაში 11 მძევლის ცხედარს ეძებს და აცხადებს, რომ „ჰამასი“ მათ გადაცემას ძალიან აჭიანურებს.
თავის მხრივ „ჰამასი“ აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა რთულ პირობებში მიმოფანტული ცხედრები რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს.
ეს ერთ-ერთი საკითხია იმ საკითხებს შორის, რომლებიც ხელს უშლის 10 ოქტომბერს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ აღსრულებას.
„ღაზის სექტორში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არის „ჰამასის“ ჯგუფები და ჩვენ მათ სისტემატურად ვანადგურებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში კაბინეტის სხდომის დაწყებისას.
მისი თქმით, ღაზაში ისრაელის ნებისმიერი ქმედების შესახებ ვაშინგტონს აცნობებენ.
„ჩემი მითითება ცალსახაა: თუ ჩვენი სამხედროების დაზიანების მცდელობა იქნება, ჩვენ დავარტყამთ როგორც თავდამსხმელებს, ასევე მათ ორგანიზაციას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები. ეს ჩვენი მოთხოვნაა. ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, მაგრამ არ ვთხოვთ მათ ნებართვას. ეს უნდა იყოს გასაგები, რადგან ბევრ რამეს ვისმენ, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
დღეს, ისრაელის საჰაერო დარტყმას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათმა ავიაციამ იერიში მიიტანა მებრძოლზე, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ისრაელის ძალებს.
ალ-აჰლის საავადმყოფოს ცნობით, ქალაქ ღაზის გარეუბანში, ბოსტნეულის ბაზრის მახლობლად საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.