ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა 11 ივნისს განახლდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის წარდგენა დაიწყო, რომელიც ბოლომდე ვერ მოესწრო და როგორც საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 11 ივნისს სასამართლო სხდომა სწორედ ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის ეტაპით გაგრძელდება.
ამასთან, პროკურორმა დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ეტაპზე რიგით სპეცრაზმელებთან, რომლებიც გამოყოფილი საქმის ფარგლებში არიან ბრალდებულები, საპროცესო შეთანხმებაზე ან რაიმე სხვა შემსუბუქების ღონისძიებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სულ 12 სპეცრაზმელს წარედგინა ბრალი, მათ შორის ხელმძღვანელ პირებს. თუმცა, გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ საქმე ორ სხვადასხვა წარმოებად გაყო. შვიდი რიგითი სპეცრაზმელის საქმე, რომელიც სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, დანარჩენი ხუთის კი ცალკე.