მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია და მისი განხილვა ორშაბათის ბიუროს სხდომაზეა ნავარაუდევი. კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება, ყოფილი ,,ნაციონალის” გოგა ხაჩიძის ინიციატივით მომზადდა.
კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში, შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. ამ დანართებით, ნარკოტიკული საშუალებები - კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა.
კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ასევე, ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.