”საქსტატის” ფუნქციები იზრდება, აღნიშნულს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები ითვალისწინებს, რომლის განხილვაც დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოხდა.
კანონპროექტის მიხედვით, ”საქსტატს” თავისი ფუნქციების შესასრულებლად, ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ასევე პირადი ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებამოსილება მიენიჭა. გარდა ამისა, თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირი არ წარადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, ცვლილების თანახმად, პირი მიიღებს გაფრთხილებას და შემდეგ დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, რაც არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტით, იცვლება ასევე ”საქსტატის” საბჭოს იმ წევრთა შერჩევა, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და რომელთაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცვლილებით, ისინი შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.
”საქსტატის” საბჭოს გარკვეული ფუნქციები ”საქსტატის” საბჭოს თავმჯდომარეს გადაეცემა. კერძოდ, საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება და სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცება.
შემოდის ახალი სუბიექტი - ”საქსტატის” მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.
პროექტით იცვლება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის ვადა, რომელიც ნაცვლად არაუგვიანეს 3 თვისა განისაზღვრა არაუგვიანეს 3 წლით. ასევე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგია დამტკიცდება სამთავრობო კომისიის მიერ.