”თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც ინვესტორს სასტუმროს მშენებლობა 18 თვის ვადაში აღარ დაევალდებულება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განმარტებით, სამინისტრო კანონში შესატან ცვლილებებზე ინტენსიურად მუშაობს და ის პარლამენტში მიმდინარე საგაზაფხულო სესიების პერიოდში გადაიგზავნება.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ თუ კი მარტივი მშენებლობისათვის, 18 თვე საკმარისი იყო, რთული ნაგებობების მშენებლობა 18 თვეში ვერ ესწრება და ცვლილებებიც ამ მიზეზით მოხდება. რაც შეეხება ”თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ” კანონით განსაზღვრულ შეღავათებს, ის ინვესტორებისათვის უცვლელი დარჩება. ანუ სასტუმროს მშენებლობის დროულად დასრულების შემთხვევაში, მთავრობა ინვესტორს 15 წლით ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებს.
”დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს რამდენიმე პუნქტს. ერთ-ერთია არის სასტუმროს ტერმინის განმარტების დამატება. დღევანდელი სასტუმროს ტერმინის განმარტება მოიზარებს მხოლოდ ერთი სასტუმრო ნაგებობის მშენებლობას, რაც ზღუდავს კურორტის ტიპის მშენებლობის განვითარებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კოტეჯებს და სხვა. აქედან გამომდინარე ეს არის ტექნიკური ცვლილება, რომელიც სასტუმროს ტერმინის განმარტებას ითვალისწინებს და რომელიც მეტ შესაძლებლობას მისცემს ინვესტორს, რომ სხვადასხვა ტიპის პროექტები შექმნას და განახორციელოს.
როგორც ცნობილია თავისუფალი ტურისტული ზონების კონცეფცია თავდაპირველად მოიცავდა ქობულეთს, სადაც იყო გამზადებული პროექტები, ე.წ. 3 ვარსკვლავიანი, მარტივი შენობები. შემდგომ პროცესი განვითარდა და ანაკლიას და სხვა ტერიტორიებს მოედო. კანონით მშენებლობისათვის განსაზღვრული 18 თვე სწორედ ასეთი ტიპის, მარტივი, გამზადებული პროექტებისათვის და მშენებლობებისათვის იყო გათვალისწინებული . თუმცა როდესაც ანაკლიაში ინვესტორს დაევალა, რომ პროექტი შეიმუშაოს და ეს პროექტები შესაძლოა იყოს კოტეჯები, ან თუნდაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რათქმაუნდა ასეთ პროექტებს უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე კანონით გაწერილი 18 თვე. გასათვალისწინებელია ასევე ამინიც. 18 თვე რეალურად ლოგიკურ ჭრილში აღარ ჯდება და ფაქტობრივად აპრიორში ვაგდებთ ინვესტორს. წარმოუდგენელია ამ ვადაში პროექტის შესრულება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვადა უნდა შეიცვალოს და კანონით არ უნდა იყოს გაწერილი, რომ მშენებლობა უნდა დასრულდეს 18 თვეში. ვადა, პროექტიდან გამომდინარე, სპეციალურმა კომისიამ უნდა განსაზღვროს. თუ მარტივი მშენებლობაა იყოს 18 თვე, მაგრამ თუ მრავალფუნქციური კომპლექსია და აღემატება 80 ნომერს და არის თუნდაც 150 ნომრიანი შესაძლებელი უნდა იყოს, რომ პროექტის განსახორციელებლად ლოგიკური ვადები დაწესდეს. მინდა გითხრათ, რომ ცვლილება არ შეზღუდავს ინვესტორს და უფრო საინტერესო პროექტებიც განხორციელდება”- განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების განსახირციელებლად საჭირო მაგალითებიც აქვს.
”ინდოელ ინვესტორს აინტერესებს ანაკლიაში კოტეჟების მშენებლობა და რომ ასეთი ტიპის მშენებლობებისათვის ვადები არ დაირღვეს, სწორედ ამიტომ ხდება ასეთი ცვლილებები”, - აცხადებს ბოჭორიშვილი.