საქართველოში კარტოფილის წარმოების არსებულ მდგომარეობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ექსპერტები და მეცნიერები, ასევე ფერმერები.
გარდა იმისა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებული მდგომარეობა და დასახეს მისი განვითარების პერსპექტივები, ასევე ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებმაც ქვეყანაში სასურსათო (საადრეო და საგვიანო), სათესლე და ეკოლოგიურად სუფთა (მაღალმთიან ზონაში) კარტოფილის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიულ გეგმას ამუშავებენ. დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმ ჯგუფის წევრებს მოუსმინეს, რომლებიც ქვეყანაში კარტოფილის, ამ ე.წ. „მეორე პურის" წარმოება-განვითარების საკითხებზე მუშაობენ. წარმომადგენლებმა შეკრებილთ სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვერსია გააცნეს და ყველა დაინტერესებულ პირთან თუ სტრუქტურასთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კარტოფილი საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი კულტურაა და მეორე ადგილი უჭირავს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. საქსტატის მონაცემებით, მართალია ქვეყნის მოსახლეობა კარტოფილით ფაქტობრივად თვითუზრუნველყოფილია, თუმცა ამ მიმართულებით რეზერვები არის და ქვეყანას შეუძლია საექსპორტო პოტენციალიც გაზარდოს. საქმე ისაა, რომ დღეისათვის, კარტოფილის ნათესები სავარაუდოდ 26 ათას ჰექტარზეა, რაც თითქმის ნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო თუნდაც ამ ორი ათეული წლის წინათ. ასევე შესაძლებელია ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის გაზრდაც, ვინაიდან ჩვენთან საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 15-17 ტონას ჰექტარზე, რაც 2-3-ჯერ დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მოსავლიანობაზე. გარდა ამისა, სპეციალისტთა აზრით, კარგი იქნება, თუ კი ადგილზე განვითარდება კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება, რაც ერთგვარად შეაფერხებს ქვეყნიდან ვალუტის გადინებას, ამასთანავე ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ადგილობრივი გარემოსადმი უფრო მეტად შეგუებული ჯიშების გამოყვანას. პირველადი მეთესლეობის განვითარებას სამინისტროც მხარს უჭერს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პირველადი და მეორადი მეთესლეობა ამ ეტაპზე პარალელურად უნდა განვითარდეს.
შეხვედრაზე მრავალი პრობლემა გამოიკვეთა. ითქვა, რომ მწვავედ დგას პროფესიონალი სამეცნიერო კადრების, კერძოდ, სელექციონერთა სიმცირის საკითხი. წამოჭრეს სპეციალური სათესლე მეურნეობის და თესლის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის საკითხი. ყურადღება გამახვილდა შემოტანილი სათესლე კარტოფილის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე და სხვა.