მიმდინარე წლის 26 ნოებმერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა.
კომპანია British American Tobacco-მ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სტიპენდიის პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მაგისტრატურის საუკეთესო 15 პირველკურსელს, სრულად დაუფინანსდება სწავლა ერთი წლის (2-3 სემესტრის) განმავლობაში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, იურიდიული, განათლების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან გამარჯვებული სტიპენდიანტები სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ გამოავლინა. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადურია და იგი დაკომპლექტებულია მაღალი რანგის სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით.
დაჯილდოვების ცერემონიალს, British American Tobacco-ს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე.