ჟურნალისტ ბესიკ ურიგაშვილის ვრცელ სტატიაში, რომელსაც „ოგონიოკი" აქვეყნებს გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც სახელისუფლებო პერეტურბაციებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით აქცენტირებულია მთავრობის შემადგენლობიდან მინისტრების გადადგომა და მმართველი კოალიციის დაშლის შესაძლებლობა.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
თბილისში კვლავ ცხელი შემოდგომაა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ", რომლის ორწლიანმა მმართველობამ ქვეყანა დეფიციტურ ბიუჯეტამდე, ეკონომიკურ სტაგნაციამდე, პრაქტიკულად ყველა საინვესტიციო პროექტის შეჩერებამდე და კრიმინალის ზრდამდე მიიყვანა, ნაკერებზე გახევა დაიწყო. „ქართული ოცნების" დაშლის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. ნორმალური პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით, თუ მმართველი კოალიცია მართლაც დაიშლება, ამ ფაქტს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა უნდა მოჰყვეს... მაგრამ ეს საქართველოში არ მოხდება, რადგან აქ პოლიტიკურ დისკურსს პარტიულ ძალთა განლაგება კი არა აყალიბებს, არამედ... ზებრა, ზვიგენი, პინგვინი და მათი პატრონი - „მოქალაქე".
დღეს ქართულ რეალიებზე საუბარს ტრადიციული პოლიტიკური ტერმინების გამოყენებით აზრი არ აქვს. ისე, ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი დემოკრატიულ-ცივილიზებული სახითაა: მოქმედებს მრავალპარტიული პარლამენტი, ჩატარდა სრულიად კონკურენტული არჩევნები, არის ოპოზიციური მასმედია... მაგრამ ყველა ამ „უბადრუკ" ინსტიტუტს სულ ზემოდან გრანდიოზული მინა-ბეტონის ჰაიტეკური სასახლე დაჰყურებს. იქ, სოლოლაკის მთაზე, რომელიც ცაშია აზიდული და თბილისის ყველა პრესტიჟულ რაიონს დასცქერის, ზემოთ ჩამოთვლილ ეგზოტიკური ფაუნის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობს თავმდაბალი რუსი ოლიგარქი, მილიარდერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ოლიგარქისა და ეგზოტიკური ცხოველების განწყობაზეა დამოკიდებული დღეს ყველაფერი ქვეყანაში. არ გეგონოთ, რომ ვხუმრობ: ბოროტი ენები ამბობენ, რომ როცა „მოქალაქე" ივანიშვილს სპეციალურ აუზში მობანავე საყვარელი ზვიგენი გარდაეცვალა , იგი ორი დღის განმავლობაში ხასიათზე არ იყო და არავის ელაპარაკებოდა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მუშაობა იმ დღეებში პარალიზებული იყო...
სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფულით გაჩნდა ამქვეყნად „ქართული ოცნება" იმ პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, რომელთა რეიტინგი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თითქმის ნულის ტოლი იყო და მხოლოდ მიკროსკოპით თუ შეამჩნევდი... მაგრამ, როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია ნათქვამი, „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო", ისე გამოვიდა: არჩევნებზე საქართველოს ბიუჯეტის ტოლფასი ფინანსების დახარჯვის შედეგად, როცა ფართოდ იქნა გამოყენებული პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად ცნობილი პიარტექნოლოგიები (დაპირებები „სამართლიანობის აღდგენა", „სასწაულებრივი დემოკრატიის დამყარება", „ასი ქარხანა ერთი წლის განმავლობაში", „საბანკო კრედიტების ჩამოწერა" და სხვა პოპულისტური აბდა-უბდა), ივანიშვილმა მოახერხა ერთი შეხედვით წარმოაუდგენელი შედეგისთვის მიეღწია - გაიმარჯვა „პირსისხლიან მიხეილ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ მოძრაობაზე". წაგებულებმა, ცივილიზებული ნორმების ტანახმად, გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს და ხელისუფლება დაუთმეს... აი, მაშინ კი დაიწყო, რაც დაიწყო...
განხორციელდა ამნისტია, ქუჩაში ათასობით კრიმინალი გამოვიდა, დამნასავეობა გაიზარდა. უბრალოდ, სასაცილო ამბები ხდებოდა: კაცი საპყრობილედან გათავისუფლდა, სახლში წავიდა, გზად ისევ დანაშაული ჩაიდინა და სახლამდე არ მისული, კვლავ ციხეში დაბრუნდა. არ ვხუმრობ, ასეთი ფაქტები მართლაც დაფიქსირდა 2013 წელს თბილისში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრი, იყო, მოსახლეობას სთხოვა, რომ მსგავს ფაქტებს „გაგებით მოკიდებოდნენ", რადგან სამართლიანობა აღდგა. მართალია, სხვა დაპირებების შესრულება გაჭიანურდა. ახლა თბილისში ირონიით ლაპარაკობენ: „რა არის, კაცო, ამდენი ქარხნის გრიალის გამო ღამით ვეღარ გვძინავსო". რასაკვირველია, მიივიწყეს იპოთეკური საბანკო სესხების საკითხიც და სხვა მისთანანი. სამაგიეროდ, დაიწყო ოპოზიციის უპრეცედენტო დევნა, დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და საპყრობილეებში ჩაყარეს.. არ გაჭრა არავითარმა საპროტესტო განცხადებებმა და რეზოლუციებმა ევროპული ორგანიზაციებისაგან...
არადა, ბიძინას თავისი უნდა მივუზღოთ: მან მართლაც ასი პროცენტით შეასრულა თავისი დაპირება: ერთი წლის შემდეგ პრემიერ-მინიტრის თანამდებობიდან გადადგა და მემკვიდრედ ისეთი კაცი დატოვა, ვისთვისაც იგი მეფეცაა და ღმერთიც. მაგრამ სწორედ ამ ეპიზოდთანაა დაკავშირებული ივანიშვილსა და ალსანიას შორის მომხდარი პირველი უთანხმოება: ირაკლი ალასანია, რომელიც „ქართულ ოცნებაში" ყველაზე ცნობადი და - მოდით, ასე ვთქვათ - ყველაზე რესპექტაბელური პიროვნება იყო, ფიქრობდა, რომ კოალიცია პრეზიდენტის არჩევნებში მის კანდიდატურას დაასახელებდა. ალასანია ამას საჯაროდაც ამბობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ჰოდა, ოლიგარქმა ალასანია ზედმეტი აჩქარების გამო დატუქსა: გაათავისუფლა ვიცე-პრემიერის პოსტიდან და ამით აჩვენა, რომ მის გარეშე მიზერული რეიტინგის მქონე პარტიები ხელისუფლებას ვერ ეღირსებოდნენ. ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა, რომლის არსებობა საქართველოში ბევრმა საერთოდ არც იცოდა (სამაგიეროდ, იგი პლასტილინივით კაცი იყო, რისგანაც ბიძინა რასაც მოისურვებდა, იმას გამოძერწავდა). პრემიერ-მინისტრის სავარძელი კი მოგვიანებით მან 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილს დაუთმო, რომელიც უსაზღვროდ მისი ერთგული იყო.
მოკლედ, ბიძინასთვის ბედნიერი სიბერე გარანტირებული იყო: პრეზიდენტი გამოძერწილია, პრემიერ-მინისტრი საკუთარი შვილივითაა... და უცებ - სასახლის სკანდალი! საქმე შემდეგშია: წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლე რომ დატოვა, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ეს თანამედროვე შენობა ხალხის ჯიბიდან მოპარული ფულითაა აშენებულიო, მასონების სასახლეა და ამიტომ იქ ხელისუფლება არ უნდა იყოსო. პრეზიდენტს სახელმწიფო კანცელარიის (კომპარტიის ცეკას) ყოფილ შენობაში ორი ოთახი მისცეს, ამით დაკმაყოფილდიო. ასე გრძელდებოდა იმ მომენტამდე, სანამ ელჩების რწმუნების სიგელების წარდგენის დროა არ მოახლოვდა. გიორგი მარგველაშვილმა ჩათვლა, რომ ელჩების მიღება მცირე ოთახში უხერხული იქნებოდა და სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე დანიშნულებისამებრ გამოიყენა - დრო იხელთა და ავლაბარის რეზიდენციაში გადავიდა, მაგრამ ისე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოთათბირებია! მოკლედ, იმ პერიოდიდან ივანიშვილმა მარგველაშვილი აითვალწუნა. მთავრობა ჯერ უარობდა, არავითარი კონფლიქტი სახელისუფლებო გუნდში არ არისო, მაგრამ ექსპერტები ამ ყველაფერ ხედავდნენ.
სხვათა შორის, ამ კონფლიქტზე პირველები სწორედ „თავისუფალი დემოკრატები" ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ საჭიროა ამ „საბავშვო ბაღის" (უთანხმოების) დასრულება, საქართველო უკრაინის მოვლენების ფონზე ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, უამრავი პრობლემა არსებობს, აუცილებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და ასე შემდეგ. მათ მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატებისა" და ოპოზიციის აზრთა ურთიერთდამთხევევამ „ალასანიას საქმის" დაწყება გამოიწვია. აბა, საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური მყვირალა ბიზანტიურობის პირობებში სხვაგვარად ამ სიტუაციის ახსნა შეუძლებელია.
მივა თუ არა საქმე მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. არა მგონია. ოლიგარქი ხელისუფლებაში შეიძლება სამართლიანი არჩევნების შედეგად მოვიდეს, მაგრამ სამართლიანი არჩევნებით იგი ხელისუფლებას არასდროს არ დატოვებს, რადგან მას ასეთი არჩევნები არ სჭირდება. ის, რომ ამით საქართველოს ევროატლანტიკური გზა იკეტება, მთავარ „მოქალაქეს" არ აღელვებს და სულ ფეხებზე ჰკიდია. უფრო ზუსტად, მისთვის უფრო კარგია: კაპიტალი არ დაუზარალდება.
ასე რომ, ბოლო სიტყვა ქუჩას ეკუთვნის: ოპოზიცია 15 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე აქციის ჩატარებას გეგმავს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად. იმაზე, თუ რამდენი ხალხი მიიღებს მონაწილეობას აქციაში, ბევრადაა დამოკიდებული საით წავა საქართველო - ევროკავშირში და ევრაზიულ კავშირში.
მასალის გამოყენების პირობები