საიდუმლო შესყიდვების საქმეში არის ნაწილი, რაზეც გრიფის მოხსნაც ალბათ შეიძლება, - ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"მივესალმები თავდაცვს მინისტრის სწორ პოზიციას, რომ ის არის ძალიან გახსნილი. ეს არის რეზონანსული საკითხი, რომელიც რათქმა უნდა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიაონობას, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს, ამიტომ პროცესების ღიაობა ცხადია ფართო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება გრიფის მოხსნას, ამ კოკრეტულ შემთხვევაში, გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა. დეტალებს ცხადია ვერ გეტყვით, მაგრამ არის ნაწილი, რაზეც გრიფის მოხსნის საშუალება ალბათ იქნება, შესაბამისად გადაწყვეტილება თავად მინისტრმა უნდა მიიღოს", - განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვინაიდან ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა ზიანი, რა თქმა უნდა, უნდა შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან ვგეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ.