აჭარაში "ნარინჯისფერი" რთველი იწყება. მიმდინარე სეზონზე რეგიონში სულ 80 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ჩაქვის „აგროსერვის ცენტრში" გაშენებულ ციტრუსის საცდელ ნაკვეთზე საადრეო მანდარინის პირველი მოსავლის კრეფაში მიიღო მონაწილეობა. საადრეო ციტრუსის კრეფაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილიც ჩაერთო. მათ იაპონური, ჩინური, ესპანური და თურქული ჯიშების ციტრუსის გარემო პირობებთან ადაპტაციისა და აგროვადების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ადგილობრივმა სპეციალისტებმა მიაწოდეს. სასელექციო ნაკვეთში პირველი 15 ტონა მოსავლიდან 8 ტონა მანდარინია.
ჩაქვში „ა(ა)იპ-აგროსერვის ცენტრის" 11 ჰექტარ ნაკვეთზე 65 სხვადასხვა ჯიშის 15 000-მდე ძირი ციტრუსია გაშენებული. საადრეო მანდარინის ნაყოფი ჩვეულებრივზე თითქმის თვენახევრით ადრე მწიფდება. წლევანდელი მოსავალი აუქციონის წესით გაიყიდება და შემოსული თანხა „ა(ა)იპ-აგროსერვის ცენტრის" განვითარებას მოხმარდება.
„ჩვენ პერსპექტივაში გვაქვს რომ ნაადრევი ჯიშები ჩავანაცვლოთ ტრადიციულ ჯიშებს მთელ აჭარაში, განსაკუთრებით ქობულეთსა და ხელვაჩაურში. ეს სამომავლო გეგმაა. ქობულეთის რაიონს დაემატება მინიმუმ ერთი საწარმო, რომელიც კონცენტრატს გადაამუშავებს. შარშან გვქონდა უკრაინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო და წელს კიდე თურქული მიმღებ-ჩამბარებელი და დამხარისხებელი საწარმო შეემატება, რომელიც ერთი ორად გაზრდის წარმადობას. დაახლოებით 24 საათში შეგვეძლება 500 დან 600 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის მიღება. ამავე ქარხანაში მოხდება სრული დამუშავება, დაკალიბრება და ვფიქრობთ პარაფირებაც. ამავე დროს გვექნება სამაცივრეები, რომელიც 300 ტონაზეა გათვლილი. ეს კი სეზონს თებერვლის თვემდე გაზრდის. ჩვენ უკვე ვმართავთ მოლაპარაკებას მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენი მოსაზრებით ფასები იგივე უნდა დარჩეს, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი. წელს მოსავალიც შედარებით ნაკლებია, ჩვენი გაანგარიშებით 80 000 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის აღებას ველით."- განაცხადა არჩილ ხაბაძემ
2015 წლისთვის რეგიონში ციტრუსის ჯიშთგანახლების მიზნით „ა(ა)იპ-აგროსერვის ცენტრში" გამოყვანილი ნერგები მოსახლეობას სიმბოლურ ფასად გადაეცემა. მოსავლის აღება ამინდების გაუარესებამდე და ყინვების დადგომამდე მოხდება. საადრეო ციტრუსი გაცილებით ტკბილ და წვნიან ნაყოფს იძლევა.