გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების საკითხი ღიად რჩება და ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს, თუმცა გერმანია ომში მხარე არ გახდება.
ამის შესახებ მერცმა Tagesschau-ის გერმანულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყოველთვის ნათელი იყო, რომ თუ ჩვენ Taurus-ებს მივაწვდიდით, ამ იარაღს არა გერმანელი ჯარისკაცები, არამედ უკრაინელები გამოიყენებდნენ. იგივე ხდება დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის მიერ მოწოდებული სხვა ფრთოსანი რაკეტების შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მერცმა.
კანცლერის თქმით, Taurus-ის სისტემა უკიდურესად რთულია და მისი მოვლა-პატრონობა უკრაინელი სამხედრო პერსონალის ინტენსიურ მომზადებას მოითხოვს.
„ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მომზადებას სულმცირე ექვსი თვე სჭირდება. მათ უკვე ამზადებენ? ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე. მე ამის შესახებ ზელენსკისთან ვისაუბრე, ასევე განვიხილე ეს კოალიციაში. ეს არის და რჩება ერთ-ერთ ვარიანტად“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ გერმანია აღარ გამოაცხადებს საჯაროდ, თუ რა იარაღს გადასცემს უკრაინას, რათა რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა დასავლეთის ქმედებების ზუსტად შეფასებისთვის.
„ასევე ვთქვი, რომ მომავალში საჯაროდ აღარ განვიხილავთ საკითხს, თუ რა იარაღს ვაწვდით უკრაინას და რას ვაკეთებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან მსურს, პუტინს გაურკვევლობა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ სამხედრო თვალსაზრისით. მხოლოდ ერთი რამ არის გარკვეული და ამას ამ პროგრამაშიც ვიმეორებ: გერმანია ომის მხარე არ გახდება“, - განაცხადა მერცმა.