აშშ-ის ადმინისტრაციამ სამშაბათს, 1-ელ ივლისს, ოფიციალურად დახურა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება სააგენტოს არაეფექტურობით და იმით ახსნა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტები აშშ-ის ეროვნული ინტერესების გატარებაა.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააანალიზა USAID-ის ათასობით პროგრამაზე დანახარჯები და დაადგინა, რომ მისი არსებობის ათწლეულების განმავლობაში მან - ინფლაციის გათვალისწინებით - 715 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცახდებით აშკარაა, რომ დასახული განვითარების მიზნები არ იყო მიღწეული.
მარკო რუბიომ USAID-ის მეშვეობით ყველაზე მეტი დახმარების მიმღები ქვეყნები საპასუხო დახმარების არარსებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კერძოდ, სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებმა, რომლებმაც 1991 წლიდან 165 მილიარდი დოლარი მიიღეს, გაერო-ს ძირითად რეზოლუციებზე შეერთებულ შტატებთან ერთად მხოლოდ შემთხვევათა 29 პროცენტში მისცეს ხმა.
„ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმავე პერიოდში 89 მილიარდ დოლარზე მეტი იქნა ინვესტირებული ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც აშშ-მა კეთილგანწყობის უფრო დაბალი რეიტინგი მიიღო, ვიდრე ჩინეთმა, ყველა ქვეყანაში, გარდა მაროკოსი.
სააგენტოს მიერ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე 1991 წლიდან 9.3 მილიარდი დოლარის დახარჯვამ, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეები იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. კარგად ცხოვრობდნენ მხოლოდ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი პირები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების წესით ტკბებოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც ისინი უნდა დახმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ. მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ბოლოს და ბოლოს გვექნება უცხოური დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
პირველი ივლისიდან USAID-ი ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას. საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და რომელიც წინ წასწევს ამერიკის ინტერესებს, განხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სადაც მათ უფრო მეტი ანგარიშვალდებულებით, სტრატეგიითა და ეფექტურობით განახორციელებს“, – ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში.