საქართველოსა და ჩინეთს შორის, შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს, ასევე დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეების ჩატარება. ამასთან, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საქალაქო დაგეგმარების ორმხრივ განვითარებას. აღნიშნულ თემებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოში შედგა.
მხარეებმა სამომავლოდ სტუდენტების გაცვლის პროგრამებისა და ასევე ორ ქვეყანას შორის ექპორტ-იმპორტის თაობაზეც იმსჯელეს.ქალაქ გუანჯოუს ვიცე- მერმა ვეიფან ლუომ საქართველოში ვიზიტით აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ თბილისსა და გუანჯოუს შორის მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ წინა საკრებულოს დროს დამყარდა.მანვე საკრებულოს თავმჯდომარეს სხვა თემებთან ერთად საქართველოსა და ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარება და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების იდეა შეთავაზა.
"ჩინეთში არის უდიდესი ძლიერი კომპანიები, რომლრბსაც საქართველოში მეტი ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა გააჩნიათ'',-განაცხადა ვიცე- მერმა.
შეხვედრის მნიშვნელობაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლის იანვარში გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარეს გარკვეულ სფეროებში, კერძოდ, ეკონომიკის, ვაჭრობის ,ინვესტირების, ქალაქის დაგეგმარების, განათლების, ტურიზმის , სპორტისა თუ სხვა მიმართულებით თამანშრომლობას ავალდებულებს.
გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, მათ სტუმრებისგან მოწვევა ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე მიიღეს, რომელიც გუანჯოუში იმართება.
მანვე სტუმრებს საქართველოში კულტურული დღეებისა და აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენის ჩატარება შესთავაზა.
გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისსა და გუანჯოუს შორის საავიაციო ხაზების მიმოსვლის თაობაზე გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.