ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია დიალოგზე, რა თქმა უნდა, დიალოგს სჭირდება ორი მხარე და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის ინტერესი და სურვილი.
„ერთი რამ არის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და არასწორ მიდგომებს, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკაზეა საუბარი. ბოლო პერიოდში, ზოგადად, რთულია გაიგო რა არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით და რამდენად არის საფუძვლიანი ის გადაწყვეტილებები, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც, მაგალითად, საქმე ეხება საქართველოს. წარმოუდგენელია საქართველოზე თქვა, რომ კი, მე მინდა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ გელაპარაკებით თქვენ. მაშინ, უცნაურია, როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები. ან იმ ხელისუფლებას არ ელაპარაკები, რომელიც ხალხმა აირჩია. ეს რაღაც წარმოუდგენელი რეალობაა, რომ საუბრის, ლაპარაკის გარეშე, დიალოგის გარეშე მოხდეს რაღაც საერთო ინტერესებზე საუბარი. საერთო ინტერესები არის თუ არ არის, კი არის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე. როგორმე სულ სხვა მიზნებით გამოიყენონ ეს პროცესი, სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ეს ვნახეთ.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს შევაჩეროთ სწორედ. ამ მიზნებისთვის არ იყოს ევროინტეგრაცია გამოყენებული და არ დაზიანდეს ეს პროცესი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ღრმად მჯერა, რომ საქართველოს და ევროკავშირს გვაქვს საერთო მიზნები, უბრალოდ, ამ მიზნებზე უნდა ვისაუბროთ. საერთო ინტერესებიც გვაქვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რაზედაც არ ხდება საუბარი.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ ვართ ღია. ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დროს ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, პირველ რიგში და ყველაფერი, რაც უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩვენთვის.
როდესაც საუბარია დიალოგზე, რა თქმა უნდა, დიალოგს სჭირდება ორი მხარე და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის ინტერესი და სურვილი, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენება, რომ რაღაც ერთდღიანი ახალი ამბები აიგოს იმისათვის, რათა ვიღაცამ თქვას, არა ჩვენ არ ველაპარაკებით საქართველოს ხელისუფლებას და შემდეგ მხოლოდ ერთი დღე ისაუბროს აქ ოპოზიციურმა არხებმა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია სერიოზული საუბარი, ასე ვთქვათ, სამომავლო გეგმებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.