„ადამიანი, კანონი, თავისუფლება", განათლების სამინისტროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ბოლო 6 წლის განმავლობაში საჩუქრად გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ საანგარიშო 6 წლის განმავლობაში სამინისტროს უშუალოდ კომერციული ორგანიზაციებიდან მიღებული აქვს 449 876 ლარის ქონება. უწყებისთვის ქონების გადაცემა ფიქსირდება 2008-2012 წლებში. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების გადაცემის ფაქტი 2011 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, შპს „რეზონანსი საქართველო"-მ სამინისტროს სასკოლო სასწავლო ლაბორატორია გადასცა, რომლის ღირებულება იმ დროისათვის 282 742 ლარს შეადგენდა. აღნიშნული შპს ამ დროისათვის სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.
ჩვენი ყურადღება მიიქცია კავშირმა „სხივი XXI", რომელსაც ამავე სამინისტროსთვის ნაჩუქარი აქვს სასკოლო დაფები - საერთო ღირებულებით 67 240 ლარი. ჩუქება 2009 წელს განხორციელდა. გარდა ამისა, აქ ყურადღებას იქცევს ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელთა შორის გვხვდება ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ბიზნესმენსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უკვე კარგახნის დაძაბული იყო, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, ქონების გადაცემის მოტივი დამფუძნებლის კეთილი ნება ყოფილიყო.
სამინისტროს შპს „ინსტა ჯორჯია"-სგან 16 250 ლარის „ინტერაქტიული ელექტრო დაფა" აქვს საჩუქრად მიღებული. ასევე, 15 564 ლარის კომიუტერული ტექნიკა და საოფისე ინვენტარი შპს „იუ-ჯი-თი"-სგან და 13 218 ლარის საოფისე ავეჯი და ტექნიკა - შპს „Geo&Go. Limited" -ის წარმომადგენლობისგან საქართველოში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამინისტროსთვის მხოლოდ ერთხელ, ფიზიკური პირის მიერ ავტომანქანის - Kia Cerato-ს გადაცემა ფიქსირდება, რომლის ღირებულება სადაზღვევო კომპანიის მიერაა გადახდილი. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ არც ერთ კომერციულ ორგანიზაციას განათლების სამინისტროსთვის რაიმე სახით ქონება არ უჩუქებია.
კვლევამ ცხადყო, რომ გარდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციებისა, მჩუქებელ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის არიან „ავერსი-ფარმა", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რამდენიმე ინდ. მეწარმე და სხვადასხვა გამომცემლობები".
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კვლევის შედეგად გამოკვეთილი ჩუქების ფაქტებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება გვაქვს თუ არა საქმე დანაშაულთან.