"სი-არ-არ-სი საქართველო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კომენტარს თოქ-შოუ "რეაქციაში" გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით,
რომ " სი-არ-არ-სი საქართველო" "ყოველთვის იყო ასოცირებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" განცხადებას ავრცელებს.
"სი-არ-არ-სი საქართველო" არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ ხსენებულ ლევან თარხნიშვილს, იგი "სი-არ-არ-სი საქართველოს" დირექტორად მუშაობდა 2007 წლამდე, რისი გადამოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. NDI-მ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე "სი-არ-არ-სი საქართველოს" არც ერთი ხელმძღვანელი და თანამშრომელი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სი-არ-არ-სი საქართველო" არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ.
"სი-არ-არ-სი საქართველო" სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციის" ეთერში გუშინ განაცხადა, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ორგანიზაციები ასრულებენ.
„სამწუხაროდ, NDI ყოველთვის იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდა და სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". მაგალითს გეტყვით, რომ ბატონი თარხნიშვილი, რომელიც ბრალდებულია მთელი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გაყალბებაში და მისი მეუღლე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა იყვნენ ჩართულები ამ ორგანიზაციის მენეჯმენტში წლების განმავლობაში და უწევდნენ კოორდინაციას NDI-ს კვლევებს. მე მაქვს შეკითხვა - ჩვენ თუ ვენდობით ლევან თარხნიშვილის მიერ კონტროლირებად ორგანიზაციას და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ორგანიზაციას და მის მიერ შესრულებულ სამუშაობს, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.