აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად 200 მდე უცხოელი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში (ჭავჭავაძის გამზირი 49ა) საზეიმოდ 10 მაისს, 16:00 საათზე გაიხსნება.
ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება და მასში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის სპორტსმენებიც ჩაერთვებიან.
აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში ერთი შესარჩევი ჯგუფური ტურის სახით ჩატარდება. ჯგუფები იასპარეზებენ წრიული სისტემით, პირდაპირი გამოთიშვის ტურით რეპრემაზის გარეშე, გამარჯვებულის გამოვლენამდე.
ტურნირის მიზანია ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.საპრიზო ადგილებზე
გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ.