პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ უდიდესი პატივია გერქვას საქართველოს ჯარისკაცი. ,,ჯი-ეიჩ-ენი" პრემიერის მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,გილოცავთ ყველას ქართული შეიარაღებული ძალების დღეს! ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს ამ დღეს. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივია. თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ - ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი ჯარისკაცებისა და მეთაურების საბრძოლო წარმატებები ყოველთვის შეუპოვრობისა და სიმტკიცის მაგალითია.
23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ყველას კარგად ახსოვს ის წლები, როდესაც ჩვენს სამხედროებს არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები, მაგრამ ჰქონდათ მთავარი - სამშობლოს ერთგულება და თავგანწირვა.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოთ, სამშობლოში თუ სამშობლოდან შორს - უცხო მიწაზე.
ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და გვერდში უდგას იმ ოჯახებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგეს მამები, შვილები, ქმრები. მიმდინარე წლის იანვრიდან ეს ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ, მომავალი წლიდან ამ თანხას გავაორმაგებთ. ეს არის ის მცირედი, რითაც ჩვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და პატივისცემას გამოვხატავთ ჩვენი გმირი მეომრების მიმართ.
სახელმწიფოს ვალია იზრუნოს მათზე, ვინც სამხედრო ვალდებულების შესრულებისას დაიჭრა. ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია - სწორედ მათ ერგოთ პატივი ბრძოლის ველზე დაეცვათ ჩვენი სამშობლო - ეს ღირსეულთა ხვედრია.
მინდა განსაკუთრებულად მივესალმო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ახლა სამშობლოდან შორს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად აღიარებს.
მთავრობა შეძლებისდაგვარად ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნას. ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავთ ჩვენი სამხედროების ჯანდაცვაზე, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოსა და ხალხის უპირველესი მოვალეობაა.
გისურვებთ ყველას, ღირსეულად იდგეთ ქვეყნის სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პროცესში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! გისურვებთ წარმატებებს! ", _ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტში.