7 აპრილს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენელი დავით კბილაშვილი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეთანხმების საფუძველზე Cambridge Study ეროვნული ბიბლიოთეკის ვიზიტორებს უსასყიდლოდ გაუწევს საგანმანათლებლო კონსულტაციას სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებისა თუ პროფესიული განვითარების კუთხით და ბიბლიოთეკასთან ერთად საერთაშორისო სტუდენტების ქართული კულტურითა და საგანმანათლებლო სექტორით დაინტერესებასაც შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრებიან Cambridge Study-ის სათაო ოფისის წარმომადგენლები კემბრიჯიდან.
„Cambridge Study-ისათვის უაღრესად საამაყოა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა, რადგან განათლებამოწყურებული ადამიანებისათვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ კი ბიბლიოთეკაში მოსულ, განვითარებაზე ორიენტირებულ პირებს, საშუალებას მივცემთ გაეცნონ ინფორმაციას უცხოეთში ხელმისაწვდომი განათლების შესახებ და ისარგებლონ უფასო კონსულტაციებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საგანმანათლებლო კონსულტანტებისგან", აცხადებს Cambridge Study-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენელი დავით კბილაშვილი.
Cambridge Study არის დიდი ბრიტანეთის ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებული საგანმანათლებლო სააგენტო, რომელიც კავკასიის რეგიონში უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაგზავნას და პროფესიული ტრენინგ კურსების გამართვას სხვადასხმა მოთხოვნადი პროფესიების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები