სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს მოქალაქე შ.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ადავოკატის ინფორმაციით 2013 წლის 27 ოქტომბერს შ.კ და ა.ჯ ვარდების მოადანზე დააკავეს, რის შემდეგაც ბრალდებულები ძველი თბილისის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც ადვოკატის მტკიცებით დაკავებულებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველისთვის გამოგზავნილ წერილში უწყება დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, გამომშრალი მარიხუანას წონა - 2.4 გრამი არ შეიცავდა ნარკოტიკული საშუალების იმ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
დაკავების დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შ.კ. სამართალდამცავების მიერ დაკავებული იყო 22 საათზე მეტი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად შ.კ.-ს სხეულზე „აღმოჩენილი სისხლნაჟღენთები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს".
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, დაკავებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას დაკავებისას თუ დაკავების შემდეგ. შესაბამისად, აუცილებელია ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", _ნათქვამია განცხადებაში.