გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და მისალოც ტექსტს ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ჩემო იეზიდო თანამემამულენო, სულითა და გულით გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - კლოჩე სარე სალეს. საუკუნეთა განმავლობაში ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას - აღორძინების, განახლების, სულის სიმტკიცისა და ტრადიციების გაგრძელების სიმბოლურ დღესასწაულს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ჩვენი საერთო ქვეყნის აღმშენებლობაში შეგაქვთ. იეზიდთა ერთგულება და მაღალი სამოქალაქო შეგნება უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ულამაზესი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ და განამტკიცებთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. დღეგრძელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", _ნათქვამია მარგველაშვილის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები