თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"თბილისის მერიის სსიპ - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო თბილისის მერიასა და საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირთან ერთად აქტიურად არის ჩართული სააგენტოს თანამშრომლებთან მოლაპარაკებაში, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.
აქციაში მონაწილე სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა დროს სხვადასხვა საფუძვლით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათ ძირითად მოთხოვნას, სამუშაო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, სამსახურში აღდგენა წარმოადგენს.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო პორველივე დღიდან მზადყოფნას გამოთქვავდა აღნიშნული პრობლემა მოლაპარაკების გზით გადაჭრილიყო. სააგენტომ აქციის მონაწილეებს შესთავაზა შემდეგი: სამსახურში მიღებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატივების ჩაბარების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურში დააბრუნოს სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლდნენ პირადი განცხადების საფუძველზე (ასეთია აქციაში მონაწილე პირების უმრავლესობა), ხოლო იმ თანამშრომლებს რომელთა სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ამ უკანასკნელთა მიერ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას ჩადენილი კონკრეტული დარღვევები და გადაცდომები, შეეთავაზათ სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს. ამასთან, მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო იღებს ვალდებულებას აღარ გაასაჩივროს ის ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი სამსახურში აღდგენა. აღნიშნული შეთავაზება განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ამასთან, აქციის მონაწილეების სხვა მოთხოვნების შესწავლისა და მომავალში სააგენტოს ხელმძღვანელობის მიმართ მსგავსი პრეტენზიების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, სააგენტო მზად არის თბილისის მერიისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის უშუალო ჩართულობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს სააგენტოს საქმიანობას და უზრუნველყოფს დასაქმებულების ინტერსების დაცვას, ასეთი საჭიროების შემთხვევაში".