წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ახალი პროგრამა „სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია" აამოქმედა. რეაბილიტაციის კურსი 2 500-ზე მეტ ბენეფიციარს დაუფინანსდება. 
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2012 წელს ახორციელებდა სამიზნე ჯგუფში (საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და საჯარო სკოლების 1-8 კლასების მოსწავლეები) მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენის ქვეპროგრამას. 34 574 გამოკვლეულიდან 3000-მდე ბავშვს გამოუვლინდა სქოლიოზი. ამ ბავშვების დაახლოებით 85%-ს ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა. სამინისტრომ სქოლიოზის რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება, აღნიშნული გარემოების გამო გადაწყვიტა. 
პროგრამა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით. სამიზნე ჯგუფისთვის გაწეული მომსახურება მოიცავს ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას. პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით. 
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნება სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზის მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაუჩერის გაცემის მომენტში. 
ვაუჩერის გაცემის საფუძველს წარმოადგენს: 
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსის აუცილებლობა; 
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიკაცია; 
- მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია; ; 
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).