საქართველოს საგარეო უწყება ლატვიის მიერ სახელმძღვანელოებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად შეტანის ფაქტზე გამომცემლობისათვის მიმართვას გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ვეკუამ განუცხადა, ამ დროისთვის საგარეო უწყება არკვევს კონკრეტულად დეტალებს.
"აუცილებლად მივმართავთ გამომცემლობას ჩვენი პოზიციითა და შენიშვნებით. თავად ფაქტი დასტურდება და არის გამოყოფილი ცალკე აღწერაში, მაგრამ იქ არის კონკრეტული დეტალები, რაც გასათვალისწინებელია და რომლებიც მათ მნიშვნელოვნად ანსხვავებს დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგანაც. კერძოდ, იქ გვერდზე დატანილია საქართველოს დროშა, მითითებულია, რომ დე-იურე არის საქართველოს ნაწილი, მაგრა დე -ფაქტო არის რუსეთის ერთგვარი მფარველობის ქვეშ. იქ ასევე წერია, რომ ეს არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები. ხოლო უშუალოდ რუკას რაც შეეხება, საქართველოს საზღვრებშია მოქცეული ეს ორი ტერიტორია, თუმცა არის ზოლიან ფერებში როგორც სადავო ტერიტორია. შესაბამისად, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოზიცია და ჩვენი პოზიციითა და შენიშვნებით საგარეო მიმართავს აღნიშნულ გამომცემლობას ამ კონკრეტულ ფაქტზე. ეს არის გამომცემლობა „იანასეტა".", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-*ენთან საუბარში ვეკუამ და აღნიშნა, რომ რუკაზე სამხრეთ ისეთი და აფხაზეთი აღნიშნულია, როგორც „რუსეთის პროტექტორატის ქვეშ" მყოფი.
სააგენტოს შეკითხვაზე ქართულის მხარის რეაგირება მხოლოდ გამომცემლობისთვის მიმართვით შემოიფარგლება თუ ლატვის საგარეო უწყებასაც ჩააყენებთ საქმის კურსში, ვეკუამ განაცხადა, რომ ამ კონკტერულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს საკითხი კონკრეტულად ეხება გამომცემლობას.
"ზოგადად ლატვიის პოზიცია არის სრულიად უცვლელი და ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის შემიძლიათ გითხრათ, რომ მხოლოდ გამომცემლობას მივმართავთ და შემდეგ უკვე შედეგის მიხედვით", - განაცხადა ვეკუამ.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოში სახელწოდებით„ახალი მსოფლიო გეოგრაფია", რომელიც 2013 წელს გამოიცა აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან წარმოდგენილნი. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად აზერბაიჯანულმა მედიამ, რიგაში აზერბაიჯანულ დიასპორაზე დაყრდნობით გაავრცელა და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა.
აღნიშნული ინფორმაცია, გაავრცელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში. „ლატვიურ სახელმძღვანელოში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან წარმოდგენილნი", _ წერდა აფხაზური მედია. აღნიშნული სახელმძღვანელო ლატვიის სკოლების მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი.
აღსანიშნავი, რომ ლატვიაში ამგვარ შეცდომას ადგილი ადრეც ჰქონდა. კერძოდ, 2013 წლის 23 ივლისს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მყოფმა "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ქალაქის საბავშო-გასართობი პარკის „ფანტაზიის" შესასვლელში დადგმულ დიდი გლობუსზე საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ფერებად ანუ სხვა და სხვა ქვეყნებად არის დატანილი. საქართველოს დედაქალაქად თბილისი, აფხაზეთის კი - სოხუმია აღნიშნულია.
"ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტი შეეცადა პარკის ადმინისტრაცისტან გაერკვია აღნიშნულის შესახებ , თუმცა მათ განაცხადეს რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება.
"ჯი-ეიჩ-ენი" ლატვიაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში ქ. ვენსტპილსის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს დაუკავშირდა, მიაწოდა ინფორმაცია გლობუსზე აფხაზეთის ცალკე ქვეყნად დატანებასთან დაკავშირებით და შესაბამისად გამოთქვა შეშფოთება.
მეორე დღეს, ქალაქ ვენსტპილსის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა მათ ქალაქში არსებულ გლობუსზე საქართველოსა და აფხაზეთის ცალკე ქვეყნებად მონიშვის ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მათივე ინფორმაციით, ქ. ვენსტპილსის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მოახდინეს დაუყონებლივი რეაგირება და ადგილზე გააგზავნეს სპეციალური ჯგუფი.
საბოლოო ჯამში, ლატვიის ქალაქ ვენსტპილსში არსებულ გლობუსზე სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო დატანილი - შეცდომა გამოსწორდა.
„საქართველოს საელჩომ ლატვიაში აწარმოა მოლაპარაკებები როგორც ქ. ვენსტპილსის მერიასთან, ისე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღნიშნულ გლობუსზე განხორციელდა ცვლილება და საქართველო დატანილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ ნათქვამია ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ სააგენტოსათვის გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, ვენტსპილსი ლატვიაში სიდიდით მეექვსე ქალაქია, სადაც 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 43 ათასი შეადგინა. ქალაქის ფართობი 55,4 კმ²-ს შეადგენს.