სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მომავალში ლარსის კურსის მოძრაობის ამპლიტუდა არ იქნება ისეთი, რამაც შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდა და პროცესები.
„წლის ბოლოს გაიზარდა კურსის მერყეობა, თუმცა მისი მოძრაობის ამპლიტუდა 2013 წლის განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უფრო განვითარებული ფინანსური ბაზრების ქვეყნებში. საქართველოს მომავალშიც შეინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ კურსი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება. თუმცა, მოძრაობის ამპლიტუდა არ იქნება ისეთი, რამაც შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდა და პროცესები.
წლის პირველ ნახევარში იყო კურსის გამყარებაზე ზეწოლა, სავალუტო ინტერვენციებიც შევიძინეთ 550 მლნ დოლარი. წლის მეორე ნახევარში პროცესი შეიცვალა გაუფასურებისკენ და ჩვენ ინტერვენციებით გავყიდეთ 220 მლნ დოლარი. ჩვენ შევინარჩუნეთ სავალუტო რეზერვების ადეკვატური დონე. სავალუტო რეზერვი ქვეყნის მოგეხსენებათ არის 3 მლრდ დოლარი და ეს იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს ჩვენ გადავიხადეთ სსფ-ს სესხი 240 მლნ დოლარის ოდენობით"0 განაცხადა გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც აღნიშნა ასევე, რომ 2014 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხს სრულად გაისტუმრებს.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მომავალი წლის მესამე კვარტალში ჩვენ დავასრულებთ სსფ-ს სესხის დაფარვას მთლიანად და 1994 წლიდან პირველად სებ-ს აღარ ექნება საგარეო ვალები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტი"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი 2014 წლის პირველ კვარტალში გამოიშვებს ლარში ნომინირებურ პირველ ობილგაციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება ფინანსური ბაზრის განვითარების ისტორიაში.