თბილისის მერია განცხადებას ავრცელბს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
”თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, რომელიც მიღებულ იქნა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი გიორგი უგულავა გადაყენებულ იქნა თბილისის მერის თანამდებობიდან.
ამავე განჩინების თანახმად, მისი დაუყოვნებლივ აღსრულება თბილისის მერიას დაევალა, ხოლო აღსრულების ორგანიზებაზე უფლებამოსილ პირად პროკურორი განისაზღვრა.
აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად განიხილა სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინება ძალაში დატოვა.
სასამართლოს აღნიშნულმა, სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ, შეიძლება ითქვას, სამართლებრივი თვალსაზრისით ჩიხური მდგომარეობა შექმნა და ბუნდოვანი გახადა მიღებული განჩინების აღსრულების მექანიზმი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს."
იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მერის თანამდებობა არჩევითია, არ არსებობს მისი ზემდგომი ორგანო ,,დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელი", რომელიც სსსკ-ის 160-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილია აღასრულოს სასამართლოს განჩინება და თანამდებობიდან გადააყენოს (გაათავისუფლოს) თბილისის მერი გიორგი უგულავა.
ამ მეტად რთული და კაზუისტიკური ვითარებიდან სამართლებრივად სწორი გამოსავალის მოძებნის მიზნით, ქ. თბილისის მერია 2013 წლის 27 დეკემბერს 16:00 საათზე გამართავს შეხვედრას, სადაც მოწვეულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლის სფეროს სპეციალისტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”.