2013 წლის კომპანიად, სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში, ავიაკომპანია „Georgian Airways"-ი დასახელდა. 2013 წელს წლის კომპანიის ნომინაციაში „ოქროს პერგამენტის" მფლობელი „Georgian Airways"-ი „პე-ეს-პესთან" ერთად გახდა.
ნომიანციაში წლის კომპანია დასახელებულნი იყვნენ - «ავერსი», «აირზენა», «ალტა», «ბარამბო», «დირსი», «ელიტ ელექტრონიქსი», «ვისოლი ჯგუფი», «მ2», «პე-ეს-პე ფარმა», «საქართველოს ბანკი».
ავიაკომპანია „Georgian Airways"-ი („აირზენა"), რომელიც ქართულ ბაზარზე 20 წელია ოპერირებს და მგზავრებს გადაადგილებას მრავალი მიმართულებით სთავაზობს. 2013 წლის ოქტომბერში "Georgian Airways"-ის ავიაპარკს კიდევ ერთი ახალი თვითმფრინავი შეემატა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ახალი თაობის Boeing 737-700 NG "Georgian Airways"-მა Air Lease Corporation-ისგან აიყვანა. როგორც ცნობილია, Air Lease Corporation-ი არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო საავიაციო ბაზარზე და საჰაერო ხომალდებს აწვდის ისეთ ავიაგიგანტებს, როგორიცაა Emirates, Cathay Pacific, British Airways, KLM და სხვები. ამჟამად ავიაკომპანიის სარგებლობაშია 10 საჰაერო ხომალდი.
კომპანიის ინფორმაციით, „Georgian Airways"-ის გაყიდვები წელს 30 %-ით გაიზარდა, რაც თავის მხრივ ახალი მიმართულებების დამატებამაც განაპირობა.
2013 წელს „Georgian Airways"-მა რეისების შესრულება დაიწყო ერაყისა (ბაღდადი, სულეიმანია, ერბილი) და ქუვეითის მიმართულებით. 2013 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრების რაოდენობა რუსეთიდან.
2013 წელს „Georgian Airways"-მა წარმატებით განახორციელა რებრენდინგი და გაამარტივა ონლაინ გაყიდვები. ასევე შეიცვალა ავიაკომპანიის ლოგო.
კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ავიაპარკის განახლება გაგრძელდება 2014 წელსაც და ასევე დაინერგება ლოიალურ მგზავრთა წახალისების პროგრამა.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).
იმ პერიოდში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი სტრატეგიის შედეგად, კომპანიამ წარმატებით მოიპოვა აღიარება და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე. 1999 წელს "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი, ხოლო 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება "Georgian Airways"-ით შეცვალა, თუმცა, "აირზენა" ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, როგორც საფირმო ბრენდი.
2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო.
"ჯორჯიან ეარვეისი" არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.
2010 წელს „Georgian Airways"ი IATA -ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის) წევრი გახდა. IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. ყველა IATA-ს წევრი ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება.
ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით რჩება კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტურობით ფუნქციონირების გარანტია.
2008 წლიდან, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა სამი IOSA-ს აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2012 წელს ოქტომბერში და ძალაშია 2015 წლის მარტამდე.