თბილისის საკრებულოში ფრაქციის "ქართული ოცნება-თბილისელების'' გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები დაესწრნენ.
სხდომაზე მხარეებმა დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ დეტალურად ისაუბრეს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამომავლო გეგმები დასახეს.
"ქალაქი დგას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე, ამის მიზეზი გახლავთ ძირითადად დაუგეგმავი მშენებლობები, მწვანე საფარის განადგურება, არაკონტროლირებადი ატმოსფერული ჰაერი, რაც მრავალი დაავადების ფაქტორი ხდება.
ჩვენი ფრაქცია დღეს განიხილავს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად. ჩვენ შევქმნით ღონისძიებათა პაკეტს, რომლის განხორციელება აუცილებლად აგვაშორებს თავიდან იმ საფრთხეებს, რაც არის მოსალოდნელი ქალაქში", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ.
გულიკო ზუმბაძე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხო.
"ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია კუს ტბის საკითხი. ჩვენ ვუგზავნით წერილს თბილისის მერს, რომ შემოვიდეს ინიციატვით, რათა კუს ტბის იმ ნაწილს, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა დაუბრუნდეს ლანდშაფტური რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ მიმდინარე მშენებლობა " - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
ფრაქციის გაფართოებული სხდომა ერთ საათს გაგრძელდა. როგორც მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, აუცილებელია შეიქმნას ჯგუფი, რომელიც განიხილავს იმ ნებართვების კანონიერებას, რომელიც გასხვისებას თუ სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას შეეხებოდა.
"ვიმსჯელეთ თემებზე, რომელიც ქალაქის საზღვრებში მწვანე ნარგავების განადგურებას, რეკრეაციული ზონების სტატუსების მინიჭებასა და მათ შეცვლას შეეხება. შევეხეთ წყალომარაგების სისტემის გაუმჯობესებას.
მიმაჩნია, რომ აუცილებელია სადრენაჟო სისტემების მოწესრიგება. ასევე ძალიან მძიმე თემაა ლილოს პოლიგონი, რაც ძალიან აწუხებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სარეკრეაციო ზონებათან მიმართებაში. ისეთ ცხელ წერტილებში როგორიცაა მაგალითად კუს ტბა, ასათიანის პარკი, თბილისის ზღვა და ა.შ. თითოეული საკითხი უნდა შევისწავლოთ სათითაოდ. უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც განიხილავს იმ ნებართვების კანონიერებას, რომელიც შეეხებოდა გასხვისებას თუ სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას.
ვფიქრობ, ამ საკითხებზე არაერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს თბილისის საკანონმდებლო ორგანოში და საკრებულომ უნდა მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები." - განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის - "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი მუშაობის მომხრეა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც.
"ეკოლოგიური საკითხები საკმაოდ მწვავედ დგას ქალაქში. შეხვედრა შეეხებოდა სწორედ ამ თემებს. საჭიროა, რომ ყველამ ერთად დავსახოთ გეგმები, რათა ქალაქში ამ მხრივ შეიქმნას უკეთესი მდგომარეობა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა მოვიცვათ საკანონმდებლო თუ სხვა კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც ვითანამშრომლოთ საკრებულოსთან და არასამთავრობო სექტორთან ამ საკითხების მოსაგვარებლად", - აღნიშნა გიორგი ქორქაშვილმა.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, ანალოგიური შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება.