საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანადაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადას "ჰამანურობის უდიდეს ზეიმს" უწოდებს.
"ქალაქში ჰუმანურობის დიდი სულისკვეთება იგრძნობა, რაც შესაძლოა, კონკრეტულ სპორტულ მიღწევებზე მეტი იყოს... ეს ოლიმპიადა ისტორიაში შევა, როგორც ჰუმანურობის დიდი დღესასწაული და ადამიანური სოლიდარობის დიდი მოვლენა", - განაცხადა სააკაშვილმა ვანკუვერში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ის აღფრთოვანებულია, რომ ოლიმპიადის იდეის გარშემო მთელი მსოფლიოა გაერთიანებული.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და კანადელ ხალხს ქართული საზოგადოების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ნოდარ ქუმარიტაშვილი სწრაფად პროგრესირებადი სპორტსმენი იყო. შედეგები, რომელიც მან აჩვენა, საკმაოდ მაღალი იყო და ეს მისი პირადი კვალიფიკაციის დამსახურება გახლდათ. ის აქ ჩამოვიდა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ის აქ ადრეც ყოფილა და ინტენსიურად ვარჯიშობდა ევროპის ქვეყნებში, ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ტრაგედია გამოცდილების ნაკლებობის გამო მოხდა. ეს ნამდვილად ტრაგედიაა, მაგრამ ამის მიზეზად გამოცდილების არ ქონას ვერ დავასახელებთ. ეს შეიძლება ყველას დაემართოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს გამოვრიცხოთ. ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ ნოდარის ხსოვნას და ავაშენებთ ახალ ტრასას მის სახელზე", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.