ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ, მიუხედავად რუსეთის მუქარისა უკრაინაში დარჩენილი უცხოელი დიპლომატებისა და საელჩოების მიმართ, ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში მუშაობას აგრძელებს.
ვიგანდის თქმით, რუსეთი ევროპას ვერ დააშინებს და უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეაწყვეტინებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მსგავს მუქარას მიმართავს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ომს აგებს და თვითკონტროლს კარგავს. მოსკოვი ევროპის დაშინებას ცდილობს, რათა მან უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს.
ეს არ მოხდება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებების მხილებას და მასზე ზეწოლის გაძლიერებას“, - განაცხადა ვიგანდმა.
ვიგანდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის განცხადებას გამოეხმაურა. მოსკოვმა კვლავ მოუწოდა უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატებს, დატოვონ კიევი და თავი შეიკავონ უკრაინაში ვიზიტისგან.
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, მასშტაბურ დარტყმებს გააგრძელებს. მოსკოვის განცხადებით, ვინც ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, შესაძლო უარყოფით შედეგებზე თავად იქნება პასუხისმგებელი და შეგნებულად შეუქმნის საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს.
ვიგანდმა ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინის დედაქალაქში მუშაობას აგრძელებს.
„რაც შეეხება კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობას, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს ამზადებს. ამ კვირაში კი ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები უკვე დააწესა.
„როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რუსეთი მზად არის დიდი რისკები გაიღოს, თუმცა ჩვენც ვაძლიერებთ მოქმედებებს, რათა რუსეთს კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა ვაიძულოთ“, – თქვა ვიგანდმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობის ზრდას. მისი თქმით, ევროკავშირმა მიმდინარე წლისთვის უკრაინის თავდაცვითი შესყიდვების 28.3 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმები დაამტკიცა და დამატებით 6.6 მილიარდ ევროს კი უშუალოდ სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფს.