უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული წარმოების ბალისტიკურ რაკეტა FP-9-ს მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია, მზად ამ შემოდგომაზე იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და უფრო დიდი მოქმედების რადიუსის მქონე FP-9-ის შექმნის დაჩქარება სთხოვა.
„მე ვუთხარი მათ: „სად არის ჩემი FP-9?“ ჩვენ გვჭირდება FP-9. დარწმუნებული ვარ, FP-9 ამ შემოდგომაზე მზად იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ პირველად საბრძოლო ვითარებაში გამოიყენა საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტა FP-7, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული რეაქტიული დრონების დაახლოებით 60%-ის ჩამოსაგდებად მნიშვნელოვანწილად საკუთარ F-16 და MiG ტიპის გამანადგურებლებს ეყრდნობა, თუმცა ამ თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი 20-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალის მარაგი თითქმის ამოიწურა.
მისი თქმით, კიევი სასწრაფოდ მუშაობდა სხვა გადაწყვეტილებებზეც, მათ შორის რადიოელექტრონული ჩახშობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ოქტომბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე ზომის და დაბალფასიანი საჰაერო თავდაცვის რაკეტების პირველი პარტიის მიღება, რომლებსაც ახალი ტიპის „შაჰედების“ ჩამოგდება შეეძლებათ.
გასულ კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ახალი ტიპის ხუთ ჩამჭრელ რაკეტაზე მუშაობს, რომლებსაც რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოგდება შეეძლებათ.
„მასშტაბები უნდა გავზარდოთ. იმედი მაქვს, ყველა ამ ზომისა და ყველა ამ კომპონენტის მეშვეობით გამოსავალს ვიპოვით“, - დასძინა მან.