რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, უკრაინაში ყოფნისა და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სამხედრო ობიექტებზე „სისტემურ და თანმიმდევრულ“ დარტყმებს აგრძელებენ. რუსეთის უწყება ამ დარტყმებს უკრაინის არმიის მიერ რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ „ტერორისტულ ქმედებებზე“ პასუხად მიიჩნევს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, უკრაინაში ყოფნისა და ქვეყანაში გამგზავრებისგან. შესაძლო უარყოფით შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც ამ გაფრთხილებას უგულებელყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყებამ მსგავსი მიმართვა მანამდეც გაავრცელა და კიევში მყოფ უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებთან ყოფნისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები მასშტაბურ საპასუხო დარტყმებს გააგრძელებენ“, - წერია ოფიციალური უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსული თავდასხმების ფონზე რამდენიმე დასავლური საელჩო, სავარაუდოდ, ევაკუაციის სარეზერვო გეგმებს ამზადებს, მათ შორის ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასვლის შესაძლებლობას.
ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ აღნიშნული ინფორმაცია განაცხადა, რომ უცხოელ პარტნიორებს უკრაინისთვის არ უცნობებიათ კიევიდან დიპლომატიური წარმომადგენლობების გადატანის გეგმების შესახებ.