საქართველო დასავლეთისგან მიღებული დახმარების უპასუხისმგებლო მომხმარებლად იქცა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, შექმნილი რეალობა მეგობარი სახელმწიფოების რჩევების და მოწოდებების იგნორირებაზე მეტყველებს.
"საქართველო დასავლეთისგან მიღებული პოლიტიკური და მატერიალური დახმარების უპასუხისმგებლო მომხმარებლად იქცა. შექმნილი რეალობა მეგობარი სახელმწიფოების რჩევების და მოწოდებების იგნორირებაზე მეტყველებს. საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა კურსმა და სახელმწიფოს მართვის მის მიერ დამკვიდრებულმა მეთოდებმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს რეალური საფრთხე შეუქმნა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებული პოზიტიური პროცესები, ცალკეული წარმატებული რეფორმები ფასადურმა დემოკრატიამ და ავტორიტარიზმმა შეცვალა.
"ყველა სფეროში ადამიანის უფლებები ირღვევა. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ერთპიროვნულ ნებასაა დამორჩილებული სასამართლო სისტემა და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი. პოლიტიზირებულია ჯარი, პოლიცია, პროკურატურა და მაკონტროლებელი ორგანოები. საზოგადოება ქვეყნის მართვის და ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებებს ჩამოშორებულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"დღეს ოფიციალურად დაარსდა. სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩია.